ქათმის სალათის გაკეთების მრავალი ვარიაცია არსებობს. ამჯერად გაგანდობთ ჩემი პოპულარული ქათმის სალათის მომზადების წესს, მთავარი არსი იმაში კი მდგომარეობს, რომ ზუსტად იგივე ინგრედიენტები უნდა გამოიყენოთ რასაც მე ვიყენებ. ანუ:
- ქათმის ფილე გაყინულ შეფუთვაში, თუ ცალობით ყიდულობთ დაახლოებით 5-6ც
- 7 ცალი რძიანი სოსისი
- ნებისმიერი უმარილო ყველის მეოთხედი (მე ვყიდულობ შპს "ქობულეთურის" ყველს და გირჩევთ თქვენც გასინჯოთ - უგემრიელესია)
- 2 ცალი საშუალო ზომის პომიდორი - სასურველია აარჩიოთ მაგარი, იმიტომ რომ ნაკლებ წვენს გამოყოფს
- მაიონეზი
- სალათის ფოთლები (ერთი ან სურვილისამებრ ორი შეკვრა)
პირველ რიგში ვადნობთ ქათმის ფილეს, თუ აპირებთ, რომ მომდევნო დღეს გააკეთოთ ეს სალათა, უმჯობესია ქათმის ფილე არ შეინახოთ საყინულეში და დატოვოთ ის ოთახის ტემპერატურაზე ჯამში. ხოლო თუ გაკეთებამდე რამოდენიმე წუთით ადრე მოგიწიათ ყიდვა, უბრალოდ მოათავსეთ ცხელ გამდინარ წყალში და დაახლოებით 20 წუთში გალღვება.
გალღობის შემდეგ ვუსვამთ მარილს მთლიან ზედაპირზე და ვათავსებთ ტაფაზე. შეგვიძლია ვისარგებლოთ შეწვის პროცესის ხანგრძლივობით და დანარჩენი ინგრედიენტები გავამზადოთ:
- მოვხარშოთ სოსისები
- გავრეცხოთ სალათის ფოთლები და დავაწყოთ საწურზე
- დავიწყოთ ყველის და პომიდვრის დაჭრა
ყველსაც და პომიდორსაც ვჭრით კუბიკებად. თუ პომიდორს ზედმეტი წვენი გამოეყო ვათავსებთ მას საწურზე
სოსისებს, მოხარშვის შემდეგ, ვჭრით ოთხ ნაწილად ისე როგორც სურათზეა მოცემული
როდესაც ქათმის ფილე შეიწვება ორივე მხრიდან, ვაგრილებთ და ვჭრით მოზრდილ ოთხკუთხედ ნაჭრებად
ჯამში ვურევთ ყველა ინგრედიენტს და დაახლოებით ამ რაოდენობის მაიონეზს ვასხამთ. არ უნდა იყოს ძალიან ბევრი - სალათი უნდა გამოვიდეს მშრალი.
როდესაც დავრწმუნდებით, რომ კარგად აირია ინგრედიენტები - ვამატებთ კარგად გარეცხილ და კარგად გაწურულ სალათის ფოთლებს. სალათის ფოთლები არ უნდა იყოს სველი.
საბოლოო ჯამში ვურევთ ყველაფერს ერთად
ძალიან უხდება ბეკონის არომატიანი სუხარები, შეგიძლიათ სუფრაზე გატანის წინ მოაყაროთ. არ გირჩევთ თვითონ სალათში ჩაყრას იმიტომ, რომ მაცივარში შენახვის მერე რბილდება და საშინელ გემოს აძლევს სალათს.
გემრიელად მიირთვით :)